ევროპული სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური

ევროპული სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური ორიენტირებულია, ერთი მხრივ, სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაზე და, მეორე მხრივ, არეგულირებს იმ ქცევით პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება ცალკეულ ბავშვებთან იჩინოს თავი და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს.

ვინაიდან სასწავლო პროცესის წარმატებულობა დიდად არის დამოკიდებული სასწავლო მოტივაციაზე, სასწავლო მოტივაციის პრობლემა კი განსაკუთრებული სიმწვავით სასკოლო სწავლების მეორე საფეხურზე გადასვლის შემდეგ იჩენს თავს, მიმდინარე სასწავლო წელს, ევროპული სკოლის VI-X კლასების მოსწავლეებში ჩატარდა ფსიქოლოგიური კვლევა სასწავლო მოტივაციის ტიპების გამოსავლენად. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები გაანალიზდა, გაკეთდა დასკვნები, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება პედაგოგთა და მშობელთა მხრიდან სასწავლო პროცესის წარმატებულობის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს მომავალში.

აღნიშნული კვლევის პარალელურად მოხდა ევროპული სკოლის VI-X კლასების მოსწავლეთა სკოლისადმი დამოკიდებულების შესწავლაც. როგორც აღმოჩნდა, ცალკეული შენიშვნებისა და სურვილების მიუხედავად, ევროპული სკოლის ბავშვებს აქვთ საოცრად თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, ამასთან უდიდესი მშობლიურობის განცდა საკუთარი სკოლის მიმართ. მათ უყვართ მშობლიური სკოლა და ამაყობენ კიდეც მისით. ჩატარებული კვლევის მონაცემების საფუძველზე, სკოლის დირექციას გადაწყვეტილი აქვს მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზება და მათი წინადადებების გარშემო დისკუსიების მოწყობა.

ცალკეულ კლასებში ტარდება ფსიქოლოგიური კვლევა მოსწავლეთა ჯგუფების სოციალურ-ფსიქოლოგიური სტრუქტურის, ფსიქოლოგიური კლიმატის და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად. კვლევების შედეგად იკვეთება იმ მოსწავლეთა კატეგორიები, რომელთაც პრობლემები აქვთ თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესში. ყოველივე ამის გამო, სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური ატარებს სერიოზულ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით, რადგანაც თანატოლებთან ურთიერთობაში წარმოშობილი პრობლემების მოუგვარებლობამ შეიძლება ბავშვის სასწავლო მოტივაციის დონე მნიშვნელოვნად დააქვეითოს. მოსწავლეთა ურთიერთობებში არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და დაძლევა კი მომავალში უამრავი სირთულის თავიდან აცილების მნიშვნელოვან გარანტად შეიძლება იქცეს.

ჩვენი სკოლისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს ქცევაში გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობა. ასეთი ტიპის ბავშვებთან ურთიერთობისათვის, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ჩვენ ავირჩიეთ სრულიად განსხვავებული სტრატეგია - სკოლის დირექციის დახმარებით ფსიქოლოგის ოთახში შევქმენით ისეთი გარემო, მოვამზადეთ ისეთი მასალები და ურთიერთობის ისეთი ფორმები ავირჩიეთ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი ბავშვისათვის ერთგვარ ჯილდოდ იქცა. ასეთ გარემოში მოხვედრის და ფსიქოლოგთან ურთიერთობის სურვილი მასში კარგად მოქცევის მოტივაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს. აღნიშნული მიდგომებით ბევრ ბავშვთან საკმაოდ სერიოზულ წარმატებასაც მივაღწიეთ. მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა ევროპული სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბევრი მოსწავლე ფსიქოლოგიური სამსახურით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს არა მხოლოდ პრობლემების დასაძლევად დახმარების მისაღებად, არამედ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში გარკვევის მიზნითაც. ფსიქოლოგიური საკითხებით ასეთი დაინტერესების წყალობით ცალკეული მოსწავლეები სერიოზულ საკონფერენციო ნამუშევრებს ამზადებენ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.

ნებისმიერი წარმატება ბავშვთან მუშაობის პროცესში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქტიურად თანამშრომლობს მშობელი სკოლასთან. ცალკეულ შემთხვევებში მშობლები აქტიურად მოგვმართავენ და იღებენ ჩვენგან საჭირო ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.